არჩევნები 2021

გლდანის საარჩევნო უბანზე ზვიად კუპრავა დააკავეს

სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზვიად კუპრავა თბილისის 52-ე საარჩევნო უბანთან დააკავეს.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს.
კუპრავა გლდანის 52-ე საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც აცხადებდა, რომ ბიულეტენები კომისიის თავმჯდომარეს თავის ოთახში დამალული ჰქონდა და იქედან გამოიტანა. აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება, რის შედეგადაც კუპრავა სამართალდამცველებმა დააკავეს.
კომისიის წევრებმა კუპრავას ბრალდება უარყვეს და აღნიშნეს, რომ საარჩევნო უბანზე მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
არჩევნები 2021
ნიკა მელია: „ქართულმა ოცნებამ“ წააგო თბილისი...
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადე, ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედება ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერების კანდიდატებს მისცა ხმა. საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა 31.310 დამკვირვებელი 100 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 1.024 დამკვირვებელი 52 საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ცესკომ შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა უკვე დაიწყო. გამოქვეყნებულია ეგზიტპოლების შედეგები. ტელეარხ „ფორმულას“ დაკვეთით ამერიკული კომპანია Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, 20:00 საათის ეგზიტპოლების მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თბილისში მოაგროვა 41%, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 31%.