არადა, შესანიშნავი ანეგდოტია, 99 ხინკალი რომ უნდა კაცს და 100-ს არ ჭამს, რახან ღორმუცელა არაა...
ასეა თუ ისე, არჩევნების მეორე დღე საქართველოში საკმაოდ მშვიდია. არჩევნების შედეგებს ერთადერთი გიორგი გახარია უცხადებს უნდობლობას, თუმცა მისი პროცენტებიც საკმაოდ დამაჯარებლად გამოიყურება. ამჟამად შექმნილ ვითარებაში მას ისღა დარჩენია ერთგვარი ვაჭრობა გამართოს პროცესის მთავარ დუელანტებთან და მოემზადოს საპარლამენტო არჩევნებისათვის, რომელიც, სავარაუდოდ, 2024 წელს გაიმართება.
თბილისში მეორე ტური გარდაუვალია, რაც საკმაოდ დიდ დაღს ასვამს კახი კალაძის პოლიტიკურ კარიერას, ხოლო რაც შეეეხება საკრებულოს, მასში 6 პარტია შედის.
როგორც იურისტი ვახუშტი მენაბდე წერს, მაჟორიტარული ოლქების წყალობით, ქართული ოცნება თბილისის საკრებულოში ჯამში 28 მანდატს მოიპოვებს, 50 მანდატიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საკრებულოში თუმცა არც თუ ისე მყარი, მაგრამ მაინც უმრავლესობა ეყოლება. 19 პროპორციული სიით, 9 მაჟორიტარულით. ასევე, სავარაუდოა, რომ თბილისის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 13, გახარიას 4, „ლელოს“ 2, „გირჩს“ - ერთი და ანა დოლიძეს - ერთი წარმომადგენელი ეყოლებათ. იურისტი ფიქრობს, რომ მმართველმა ძალამ უმრავლესობა საკრებულოში სწორედ მახინჯი მაჟორიტარული სისტემით მოაგროვა, თორემ რეალურად მათ კოალიციური მთავრობის შექმნა დასჭირდებოდათ. ეს კი მას „ოცნებისა“ და „მოქალაქეების“ გარიგების შედეგად მიაჩნია. ამ არჩევნებმა, სხვათა შორის, ალეკო ელისაშვილი საკრებულოს მიღმა დატოვა.
სააკაშვილის ჩამოსვლამ მართალია, გახარიას და საერთოდ, მესამე გზას დაარტყა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად წაადგა. დღეს არსებული მდგომარეობით, დიდი ალბათობაა, რომ ზუგდიდსა და ქუთაისს შესაძლოა, ოპოზიციონერი მერები ჰყავდეთ. მეორე ტური იქნება ყველა თვითმმართველ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, თელავში, ბათუმსა და ფოთში.
რა დასკვნების გაკეთება შეიძლება 2021 წლის 2 ოქტომრბის არჩევნებიდან? 2024 წლამდე საპარლამენტო არჩევნები მართლაც არ იქნება, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა. წერს კიდეც ამაზე სოციალურ ქსელში ექსპერტი გია ხუხაშვილი:
ხელისუფლებამ მოახერხა მთავარი ამოცანის გადაწყვეტა : მიშელის შეთანხმებით განსაზღვრულ 43 პროცენტს ძალა დაუკარგა. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას პირდაპირი საფუძველი გამოეცალა“.
კიდევ ერთი ამბავია - ოზურგეთის და თიანეთის მეორე ტური, სადაც ისევ „ოცნების“ ამჟამინდელი და ძველი სახეები ხვდებიან ერთმანეთს. თუ თამაზ მეჭიაურმა თავად აირჩია ეს გზა და აი, უკვე მეორედ უჩვენებს კარგ შედეგს, ოზურგეთში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ძმა და მოქმედი მერი შარაშენიძე შეხვდებიან ისევ. 30 სექტემბრამდე კი სერიოზულად მოხვდება არჩილ თალაკვაძეს, ამხელა პარლამენტის თავმჯდომარე კაცმა და ამხელა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ იმდენი პატივი რომ ვერ სცეს ერთ ბეწვა გურულებს, რომ პირველივე ტურში მოეგოთ არჩევნები!
„ქართული ოცნება“ სერიოზულ და წონად პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლისთავზე მერვე არჩევნებს იგებს, მაგრამ არც მთლად ძალიან საზეიმოდ აქვთ საქმე. წინა საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ მიიღო 928 ათასი ხმა, ერთი წლის თავზე კი 190 ათი ათასით ნაკლები - 739 ათასი.
მართალია, ირაკლი კობახიძე ამომრჩეველს დაპირდა, ყველგან მოვიგებთ მეორე ტურებსო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ზუგდიდსა და ქუთაისში ძალიან გაჭირდება, ბევრ ადგილას კი საინტერესოა, ვის დაუჭერს მხარს გახარიას ამომრჩეველი და რა მოწოდებებს გააკეთებს ის თავისი ამომრჩევლის მიმართ. საკრებულოებში გახარიას მომხრეები არ იქნებიან იმ დოზით წარმოდგენილი რომ რაიმე გავლენა მოახდინონ პროცესებზე და კოალიციური მმართველობა გახდეს საჭირო, თუმცა მეორე ტურისათვის, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც სახელისუფლებო და ოპოზიციურ კანდიდატებს შორის სხვაობა დაბალია, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვის დაუჭერს მხარს სწორედ ეს ელექტორატი..
ზოგადად, გახარისა ეტყობა უფრო ხისტი პოლიტიკის გატარება მოუწევს, რადგან როგორც ჩანს, ქართველ ამომრჩეველს კვლავ ძლიერ იზიდავს ხისტი პოლიტიკა და „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ შესანიშნავ სპარინგ-პარტნიორებად არიან ჩამოყალიბებული. ზოგადად კი ეს არჩევნები, ასე თუ ისე, მეტად ცივილიზებული იყო, ვიდრე წინამორბედები.
მათ კი, ვინც თბილისში რიჩარდ ოგბუნუჯუზე ნაკლები ხმები მიიღო, პოლიტიკას რომ თავი დაანებონ და რამე, სხვა უფრო სასარგებლო საქმიანობით დაკავდნენ, გაცილებით უკეთესი იქნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!