თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, თბილისის საკრებულოში 50-დან 28 მანდატს „ქართული ოცნება“ იღებს, 13-ს - „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო დანარჩენ რვა მანდატს სხვა პარტიები ინაწილებენ. თბილისის ერთ ოლქში - საბურთალოზე მეორე ტური უნდა გაიმართოს.
ცესკომ ბიულეტენები თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დათვალა. 621 უბნის შემდეგების მიხედვით თბილისის საკრებულოში 6 პოლიტიკური პარტია მოხვდა, რომელმაც 2,5%-იანი ბარიერი გადალახა.
ესენი არიან:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ - 154.314 ხმა (40,47 %)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 107.097 (28,09%)
„გახარია – საქართველოსთვის“ – 33.434 (8,77 %)
„ლელო“ – 13.470 (3,53 %)
„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 12.335 (3,24 %)
„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ - 9.823 (2,58 %).
რაც შეეხება საკრებულოში მოპოვებულ მანდატებს, ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნება“ 28 მანდატიდან 19 პროპორციული საარჩევნო სისტემით, ხოლო 9-ს მაჟორიტარული სისტემით იღებს, „ნაციონალური მოძრაობა“ 13 მანდატს პროპორციული სისტემით, „გახარია – საქართველოსთვის“ 4 მანდატს პროპორციული სისტემით, „ლელო“ 2 მანდატს პროპორციული სისტემით, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ თითო მანდატს ასევე პროპორციული სისტემით მიიღებენ.
პირველადი შედეგების თანახმად, მმართველი პარტიის კანდიდატებმა მაჟორიტარულ არჩევნებში თბილისის 10 რაიონიდან ცხრაში მოიპოვეს გამარჯვება. ერთადერთი რაიონი, რომელშიც ამ დროის მონაცემებით 40-პროცენტიან ბარიერს ვერც ერთი კანდიდატი ვერ ლახავს, საბურთალოა. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატ ავთანდილ ცინცაძეს 38,76% აქვს, ხოლო ბორის ყურუას „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ – 14,29%. შესაბამისად, საბურთალოზე მეორე ტური ამ ორ კანდიდატს შორის გაიმართება.
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის მოსახლეობამ 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებს მისცა ხმა.