არჩევნები 2021

სააკაშვილის Facebook–გვერდზე ახალი მოწოდებები ჩნდება

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და როგორც უკრაინის მოქალაქე, კონსულთან შეხვედრას ითხოვს.
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის Facebook–გვერდზე, მიუხედავად იმისა რომ იგი თბილისში გუშინ დააკავეს, ქართველი ხალხისადმი ახალი მოწოდებები ჩნდება.
მიხეილ სააკაშვილი თბილისში, გლდანი–ნაძალადევის რაიონში ერთ–ერთი საცხოვრებელ კორპუსში 1 ოქტომბერს დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც დღეს, 2 ოქტომბერს იმართება. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
„უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის ექსტრადირების მორალური უფლება არ აქვს“ - მამუკა არეშიძე
ერთ–ერთ პოსტში სააკაშვილი აცხადებს, რომ „დღეს საქართველოს აქვს უნიკალური შანსი“ და რომ „არცერთ უზურპატორს არ შესწევს ძალა ქვეყანა განვითარებისა და წინსვლის რელსებიდან გადაიყვანოს“.
როგორც ექს–პრეზიდენტი აღნიშნავს, საქმე, რომელზეც იგი დააკავეს „თითიდან გამოწოვილია“, რათა ბიძინა ივანიშვილის მიერ „ხელისუფლების უზურპაციას ხელი არ შეუშალოს“.
ამჟამად უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანეს ორ - სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9.024.367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
სააკაშვილის საქმე - გამოცდა საქართველოსთვის: რეაგირება სააკაშვილის დაპატიმრებაზე მსოფლიოში
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიციის საკითხი არ განიხილება და ექს-პრეზიდენტს სასჯელის მოხდა საქართველოში მოუწევს.
თავად სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და როგორც უკრაინის მოქალაქე, კონსულთან შეხვედრას ითხოვს.