სააკაშვილი საქართველოში, შესაძლოა თურქეთიდან მოხვედრილიყო - ექსპერტი

მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, კითხვა - როგორ მოხვდა ექს-პრეზიდენტი საქართველოში კვლავ პასუხგაუცემელია
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არალეგალურად სავარაუდოდ თურქეთიდან შემოვიდა, აცხადებს „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესიკ ალადაშვილი „Sputnik საქართველოსთან“.

„საქართველოში მოხვედრა სამი გზით არის შესაძლებელი - საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი ლეგალურად არ გადმოუკვეთია, ჩემი ვარაუდით, ის საქართველოში შესაძლოა თურქეთის მხრიდან მოხვედრილიყო“, - განაცხადა ბესიკ ალადაშვილმა.

ექსპერტის ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან თურქეთის რომელიმე ქალაქში ჩაფრინდა და საქართველოში სახმელეთო გზით გადმოვიდა. მისი თქმით, საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვირის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის გამო არაერთი ადამიანია დაკავებული რაც იმაზე მიუთითებს, რომ საზღვრის პერიმეტრი სრულად ვერ კონტროლდება და დიდი ალბათობით ამის შესახებ ცნობილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის იყო.
უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილის მხარდაჭერის მზაობას გამოთქვამს
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში, სომხეთის ან აზერბაიჯანის მხრიდან მოხვედრას, ექსპერტის განცხადებით, ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ამ ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილს სახეზე ბევრი ადამიანი ცნობს და მეტია გახმაურების რისკიც.
„თუმცა ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვარაუდია და იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლოაბში ყველაფერი გაირკვევა“, - აღნიშნა ალადაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა და საქართველოში უკრაინიდან ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოვიდა, რომელიც დღეს, 2 ოქტომბერს იმართება. ექს-პრეზიდენტს სისხლის სამართლის რიგ საქმეებზე აქვს ბრალი წაყენებული, აქედან ორ საქმეზე განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.