არჩევნები 2021

მეც ვფიქრობდი, რომ სააკაშვილი არ იყო საქართველოში, ვერც დავიჯერებდი - კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა
Sputnik
თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ნამდვილად არ მეგონა, თუ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა აქ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან.
პრემიერი: სააკაშვილის დაკავებით ქვეყანაში არეულობა ავირიდეთ
კუჭავას თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები გუშინ მთელი დღის განმავლობაში ტყუილს არ ამბობდნენ, ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ, რომ სააკაშვილი არ იყო საქართველოში.
„როცა ადამიანი ასჯერ გასცემს პირობას და 101-ედაც ითხოვს, რომ დაიჯერო, რა თქმა უნდა, გიკვირს არამხოლოდ ამ შემთხვევაში, ხვალაც, როცა იტყვის მეეჭვება, რომ დასაჯერებელი იყოს, როცა იცი, რომ მისი ყველა ნაბიჯი არასერიოზულია. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადება, სადაც იყო ნათქვამი, რომ ისინი აკონტროლებდნენ მთელ მარშრუტს უკრაინიდან და მოხდა მისი დაკავება ისე, რომ ერთი ადამიანი არათუ არ დაშავებულა, არ ესწრებოდა, იმდენად მაღალ დონეზე მოხდა დაკავება“, - განაცხადა კუჭავამ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ფიქრობდა, რომ გავრცელებული ვიდეოები იყო მონტაჟი.
კუჭავა ფიქრობს, რომ ერთი ადამიანი უკრაინა-საქართველოს ძმურ მეგობრობას ვერ გაამწვავებს, რომელიც როგორც ჭირში, ასევე ლხინში ყოველთვის იყო გამორჩეული გვერდში დგომით. მისივე თქმით, კონსტიტუციის დარღვევა იყო, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე ერეოდა სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე საქართველოს არჩევნებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
მომღიმარი სააკაშვილი პოლიციის ხელში - ვიდეო
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.