COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველომ Sinopharm-ის ვაქცინის მილიონი დოზა მიიღო

ჩინური წარმოების ვაქცინა Sinopharm-ით აცრის მსურველებს ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირება უკვე შეუძლიათ.
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინის Sinopharm-ის ერთი მილიონი დოზა მიიღო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ვაქცინით აცრა შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს. ჩინური წარმოების პრეპარატით სრული ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე https://booking.moh.gov.ge. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში კი მოქალაქეებს აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც შეუძლიათ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინას გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია 7 მაისს მიანიჭა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაცია იწყება: ვინ მოხვდება სიაში
საქართველომ 12 სექტემბერს წითელი ჯვრის საზოგადოებისგან Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო, მანამდე აგვისტოს ბოლო რიცხვებიდან მაღალი მოთხოვნის გამო ჩინური წარმოების ვაქცინის მარაგი ამოწურული იყო და Sinopharm-ზე რეგისტრაცია მხოლოდ მეორე დოზაზე იყო შესაძლებელი.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სავარაუდოდ, მისმა პიკმა გადაიარა, მაგრამ ინფიცირებულთა და გარდაცვლილების რაოდენობა მაინც მაღალია. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ პანდემიის დამარცხება მხოლოდ ვაქცინაციასა და დაწესებული შეზღუდვების დაცვას შეუძლია.
„ვაქცინური“ გადარჩევა: მოხვდებიან თუ არა აუცრელი სტუდენტები აუდიტორიებში
საქართველოში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შეუძლიათ Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის 1 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1.799.446 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 984.595 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 34.7%, სრულად, ორჯერადად ვაქცინირებულია 814.851 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28.5%. 30 სექტემბერს აიცრა 12.562 ადამიანი.