თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი მეუღლის დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ეხმიანება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი სანზონაში რაიონში აიყვანეს.
„მან შეასრულა თავისი დაპირება. მშვიდობიანად ჩამოვიდა, მთელი ქვეყანა გამოიარა, გაგვაგებინა, რა გეგმით ვიმოქმედოთ და ამ ყველაფერთან ერთად ნათლად დაგვანახა მთავრობის ნამდვილი სახე და სისტემის მანკიერება. ხვალ თქვენ თვითონ შეაფასეთ მისი გმირული და გენიალური საქციელი — ყველა რეფერენდუმზე! მიშა გამარჯვებულია“, — წერს რულოვსი.
დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.