ცნობილი გახდა, სად და რა ვითარებაში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი

დაკავებამდე რამდენიმე წამით ადრე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველს ვიდეომიმართვისას არჩევნებზე წასვლისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდა.
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში დააკავეს, ინფორმაციას ტელეკომპანია „TV პირველი“ ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სამართალდამცველებს ბინაში შესვლისთანავე ჩაბარდა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის აყვანის სპეცოპერაციის დაწყებამდე ექს-პრეზიდენტმა ვიდეომიმართვის ჩაწერა და გავრცელება შეძლო.
„დიდი ალბათობით, ახლა დამაკავებენ. მანამდე მინდა გითხრათ: არავის შეგეშინდეთ და მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა. ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. მე არაფრის მეშინია და ჩამოვედი, რათა გავიმარჯვოთ“, — ამბობ სააკაშვილი დაკავებამდე რამდენიმე წამით ადრე.
ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილი გუშინ კანცელარიის წინ იმყოფებოდა
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი, სადაც მის მოსანახულებლად უკვე მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე, მისი თქმით, ბათუმში ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. „ქართულ ოცნებაში“ მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა იყო გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.