თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.
პარასკევს სააკაშვილმა Facebook-ის საშუალებით ყველას მშვიდობიანი დილა უსურვა და განაცხადა, რომ უკვე საქართველოშია. მისმა თანამოაზრეებმა პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაადასტურეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი სამშობლოშია.
„კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები, როდესაც მან თქვა, რომ ის იქნებოდა ძალიან შორს, როდესაც რუსი ოლიგარქის პროკურატურა მას დაიბარებდა, მაგრამ იქნებოდა ძალიან ახლოს, როცა ქართველი ხალხი მას მოიხმობდა. ახლა საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იხმობს პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, როგორც ბოკუჩავა აცხადებს, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ევროპარლამენტის დეპუტატებსაც ჰქონდათ.
„აღნიშნული ინფორმაცია ასევე ჰქონდათ ევროპარლამენტარებს. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალურად ყველა მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს არჩევანი. დარწმუნებული ვარ, დღის ბოლოს პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ოპოზიცია ერთობლივად აღნიშნავს არა რომელიმე კონკრეტული პარტიის გამარჯვებას, არამედ ამ ქვეყნის გამარჯვებას. ძალიან მალე გამოჩნდება, დარწმუნებული ვარ“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთია.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ სააკაშვილის დაბრუნებას ეჭვით უყურებენ და აცხადებენ, რომ თუ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდება, მას დააკავებენ.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო უკან დაბრუნების პირობა. ექს-პრეზიდენტზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და უკვე ექვსი წელია ის უკრაინის მოქალაქეა.