ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილი გუშინ კანცელარიის წინ იმყოფებოდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დღეს დააკავეს. იგი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
Sputnik
თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. მიხეილ სააკაშვილი მეოთხე დღეა საქართველოში იმყოფება, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან.
მისი თქმით, სააკაშვილი დედაქალაქის ცენტრში, მთავრობის ადმინისტრაციის სიახლოვესაც გადაადგილდებოდა.

„მიხეილ სააკაშვილი ოთხი დღეა უკვე საქართველოშია. იყო ქუთაისშიც და, სხვათა შორის, გუშინ თბილისში კანცელარიის წინ იმყოფებოდა, მაგრამ მისი დაკავება ვერ მოახერხეს და დღეს დაიჭირეს. არაფერი დამთავრებულა, ბრძოლა ბოლომდე გრძელდება. მან იცოდა რისთვისაც ჩამოდიოდა საქართველოში. დღეს არ არის პირველი დღე, როცა მიხეილ სააკაშვილი არის თბილისში, უკვე მეოთხე დღეა ის საქართველოშია და ამის შესახებ არანაირი ცნობა ამ ჩამოშლილ, ჩამორღვეულ ხელისუფლებას არ ჰქონია", – განაცხადა ხერხეულიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთი საათის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში დააკავეს.
რატომ უარყოფდნენ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას? – მდინარაძე განმარტავს
თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. თავის Facebook-გვერდზე მან ორი ვიდეომიმართვა განათავსა, რომლებიც, მისი თქმით, ბათუმშია ჩაწერილი ღამის საათებში. „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ ეს არის „ფეიკი“ და ექს-პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება. შსს-ში ასევე აღნიშნეს, რომ სააკაშვილს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.