თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. მიშასთვის დაჭერა არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს, ამისთვისაც მზად იყო, ამის შესახებ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. ოპერაციის დეტალები არ ხმაურდება. სააკაშვილი ამ დროისთვის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.
„დაბნეული, ჩამოშლილი რეჟიმი მეოთხე დღეა ეძებს მიხეილ სააკაშვილს და დღეს სრულიად არაადეკვატური განცხადებებით მთელი დღე უარყოფდნენ მიშას საქართველოში ყოფნას. იმდენად ვერ ფლობდნენ ინფორმაციას, რომ საერთოდ ტრუსკავეცში ეძებდნენ და მთლად თბილისში დაიჭირეს. ჯერი ჩვენზეა. ხვალ ვამარცხებთ რეჟიმს და თავისუფლებას მოვუტანთ ქვეყანასაც და მიშასაც“, - წერს ხერხეულიძე.
დღეს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ბათუმში ჩაწერილი ვიდეო-მიმართვა გაარცელა და განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა. ხელისუფლებაში მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ ეს ფეიკ-ინფორმაცია იყო და ექს-პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არ გადმოუკვეთია.
სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლა 27 სექტემბერს დააანონსა, რის დასტურადაც „კიევი–თბილისის“ ავიარეისის ბილეთის ჯავშნის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩამოფრენის დროდ 2 ოქტომბრის 23:05 საათია მითითებული. იგი საქართველოში ჩამოსვლას დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გეგმავდა.