თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არჩევნების წინ ქვეყნის ქუჩებში გამოჩენილ სკანდალურ ბანერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების შუალედურ ანგარიშში.
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ვაქცინაციისკენ მოწოდების ბანერების ადგილზე პოლიტიკური ბანერები გაჩნდა. საუბარია ბანერებზე, რომლებზეც ოპოზიციური პარტიებისა და ტელეკომპანიების ლიდერები არიან გამოსახული. ბანერებს აქვს „სისხლის“ ლაქები და წარწერა: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“. ბანერების განთავსება ბიზნესმენმა მიხეილ გაბრიაძემ დააფინანსა. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ პლაკატებთან საერთო არაფერი აქვთ.
როგორც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, ბანერებზე განთავსებული მასალა რიგი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ არის მიმართული.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება ზემოაღნიშნული ბანერების განთავსების მიზნით გაწეული ხარჯის კანონიერების დასადგენად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოითხოვა ინფორმაცია ბანერების განთავსების ადგილების მფლობელი კომპანიისგან ბანერების დამკვეთის, მათი განთავსებისათვის გამოყოფილი ადგილების, ტირაჟის, განთავსების ხანგრძლივობისა და ღირებულების შესახებ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უფრო ადრე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბანერები არ ჩათვალა სკანდალურად, წინასაარჩევნო რეკლამად და წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილად.
ცესკოში აღნიშნავენ, რომ ბანერები არ შეიძლება ჩაითვალოს წინასაარჩევნო დაპირებებად და ისინი არ არღვევს კანონს, თუმცა ახდენს ცესკოსთვის მიუღებელი სიძულვილის ენის ტირაჟირებას.
ბანერებზე საჩივრით ცესკოს მიმართეს დამკვირვებლებმა და პარტიებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „დროა“.