Sputnik-საქართველომ თავი მოუყარა ყველაზე ხმაურიან სკანდალებს, რომლებმაც პიკს წინასაარჩევნო პერიოდში მიაღწიეს.
ფარული მოსმენები გრძელდება
წინასაარჩევნო კამპანიას ფარული მოსმენების ტრადიციული სკანდალის გარეშე არც წელს ჩაუვლია - ასეთი სკანდალები საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს მრავალი წელია, ფონად გასდევს.
თუმცა ამჯერად მოვლენები საქართველოს ფარგლებს გასცდა და კინაღამ დიპლომატიურ სკანდალში გადაიზარდა.
სექტემბრის დასაწყისში ოპოზიციურ მასმედიას ხელში ჩაუვარდა რამდენიმე ათასი დოკუმენტი, რომლებიც შეიცავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან სავარაუდო თვალთვალის დეტალებს. ფაილებზე, ძირითადად, ინახებოდა ინფორმაცია სასულიერო პირების წარმომადგენლებზე, ასევე, ქართველი ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, უცხოელი დიპლომატებისა და საჯარო მოხელეების საუბრები.
რამდენიმე ჟურნალისტმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დაადასტურა, რომ ჩანაწერები ნამდვილი იყო.
საქართველოს პროკურატურამ უკვე დაიწყო საიდუმლო ჩანაწერების გაჟონვის ფაქტის გამოძიება. თუმცა დიპლომატები ამან ვერ დაამშვიდა. საქართველოს ელჩი ევროკავშირში ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში, ორგანიზაციის ოფისში განმარტებებისთვის დაიბარეს. ხოლო საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის (რომელიც მოსმენის ერთ-ერთი ობიექტი აღმოჩნდა) კომენტარმა მმართველი პარტიის კრიტიკა გამოიწვია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ელჩი არადიპლომატიურობაში დაადანაშაულა.
მედიაკრიზისი
საქართველოში თანამედროვე წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ფაქტორად იქცა ტელეარხების მკვეთრი დაყოფა, რომლებიც, გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროს წარმოადგენენ. საქართველოში ტელეარხები ორ ბანაკად იყოფიან: ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი და ოპოზიციური.
მედიაკრიზისი კი ქვეყანაში 5 ივლისს მომწიფდა, როდესაც თბილისში ლგბტ-თემის სოლიდარობის მარში უნდა ჩატარებულიყო. მარში არ შედგა, ლგბტ-თემის მოწინააღმდეგეებმა კი ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა მოაწყვეს - სასტიკად გაუსწორდნენ ყველას, ვისაც მიკროფონითა თუ კამერით ხელში გადააწყდნენ. იმ დღეს მასმედიის 53 თანამშრომელი დაშავდა - ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები, მათი ძირითადი ნაწილი სწორედ ოპოზიციური არხების თანამშრომლები აღმოჩნდნენ.
ვითარება გაამწვავა ტელეარხ „ტვ პირველის“ ოპერატორის, 5 ივლისს დაშავებული ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ. დღემდე არ არის გამოქვეყნებული მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი და არ არის გახსნილი მისი დაღუპვის საქმე.
ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის სამმა ყველაზე მსხვილმა ტელეარხმა - „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“, ასევე რეგიონული მასმედიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა დაიწყო საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით და ეს იყო ქვეყანაში პირველი ამ ტიპის აქცია, როდესაც მსგავსი მოთხოვნის უკან იდგნენ არა პოლიტიკოსები და აქტივისტები, არამედ ჟურნალისტები.
მას შემდეგ მმართველი პარტია ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციურ არხებს, ოპოზიციის წარმომადგენლები კი ხელისუფლებისადმი ლოიალური ტელეარხის - „იმედის“ პირდაპირ ეთერში არ გამოდიან.
ეკონომიკური სკანდალი
წინასაარჩევნო პერიოდს არ ჩაუვლია ეკონომიკური სკანდალის გარეშე, რომელსაც საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური კონტექსტი ახლავს თან.
თურქულმა კომპანია ENKA-მ 20 სექტემბერს საქართველოს მთავრობას აცნობა, რომ ერთ თვეში ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ კონტრაქტის გაწყვეტას აპირებდა.
კონტრაქტის მთელი პოლიტიკა ისაა, რომ საქართველოში არსებობს ადამიანების საკმაოდ დიდი ჯგუფი, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, რომელიც ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება.
ისინი საქართველოს მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ. მათი თქმით, კონტრაქტი საქართველოსთვის წამგებიანია.
ახლა კი კონტრაქტის გაწყვეტა პირობების შეუსრულებლობისა და ფორსმაჟორული გარემოებების გამო საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის ეკონომიკას, რადგან ეს იქნება მსოფლიოში უმსხვილესი ინვესტორის უარი საქართველოში თანხის დაბანდებაზე, ისე ქვეყნის ბიუჯეტს, რადგან საქართველოს მოუწევს პირობების შეუსრულებლობის გამო ფულის გადახდა.
საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაიწყო მოლაპარაკება ინვესტორთან და მზადაა საარბიტრაჟო სასამართლოშიც წავიდეს, რათა თანხის ნაწილი მაინც შეინარჩუნოს.
საგარეო ფაქტორი
წინასაარჩევნო კამპანიის კიდევ ერთი განუყოფელი ნაწილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დასავლელი პარტნიორების რეაქციაა.
წინა არჩევნებისგან განსხვავებით, დასავლეთის ქვეყნების საელჩოების განცხადებები გამოირჩევა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მკაცრი კრიტიკით. ხელისუფლება კი უკვე ვეღარ მალავს უკმაყოფილებას მსგავსი რეაქციით.
კრიტიკული იყო OSCE/ODIHR-ის ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიშიც კი, რომელზეც დამოკიდებულია, აღიარებს თუ არა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს საერთაშორისო თანამეგობრობა.
მისიის წინასწარ ანგარიშში საუბარია მმართველი პარტიის დომინირებაზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, პარტიებისა და კანდიდატების არათანაბარ პირობებზე, მასმედიის პოლარიზაციასა და ახალი პროექტების დაწყების გზით ამომრჩევლების ირიბი მოსყიდვის მცდელობებზე.
შეთანხმების აჩრდილი
საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ე.წ. „შარლ მიშელის შეთანხმებაა“.
შეთანხმების არსი ის გახლავთ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შუამდგომლობით შეთანხმდნენ პოლიტიკური თამაშის კონკრეტულ წესებზე.
დოკუმენტის პუნქტებს შორის ერთ-ერთია ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების პირობები იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია ხმების 43%-ზე ნაკლებს აიღებს.
ახლა კი არჩევნების მთავარი ინტრიგა ამ შეთანხმების არსებობა-არარსებობაა. დოკუმენტზე ხელმოწერიდან 100 დღეში მმართველმა ძალამ დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა, რადგან მასზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. „ნაცმოძრაობის“ წევრებმა კი შეთანხმებას ხელი იმის გამო არ მოაწერეს, რომ არ დაეთანხმნენ მის რამდენიმე პუნქტს.
თუმცა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე „ნაცმოძრაობამ“ გადაწყვეტილება შეცვალა და დოკუმენტს ხელი მაინც მოაწერა, შესაბამისად, როგორც გამოირკვა, შეთანხმება გაუქმდა მხოლოდ მმართველი პარტიისთვის, თავად დოკუმენტი კი არსებობს და ევროკავშირის წარმომადგენლობაში ინახება.
დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ დოკუმენტი ძალაშია. მეტიც, მისი ერთ-ერთი პუნქტის შეუსრულებლობა, რომელიც სასამართლო რეფორმას ეხება, ევროკავშირის მკაცრი კრიტიკის საბაბად იქცა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, დღემდე გაურკვეველია, აქვს თუ არა დოკუმენტს იურიდიული ძალა, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პირდაპირ განაცხადა, რომ ქვეყანაში არავითარი ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. თუმცა იქვე დასძინა, რომ დარწმუნებულია „ქართული ოცნების“ წარმატებაში.
სააკაშვილის ფაქტორი
ბოლო წლების წინასაარჩევნო კამპანიის კიდევ ერთი ტრადიციული ფონი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხია.
„ნაცმოძრაობის“ დამფუძნებელს არჩევნების წინ არაერთხელ განუცხადებია, რომ სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა. ამჯერად კი სოციალურ ქსელებში კიევი-თბილისის რეისზე ბილეთის ფოტოც კი გამოაქვეყნა, ხოლო მისმა მხარდამჭერებმა უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან თავიანთი ლიდერის დასახვედრად.
ბილეთის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ჩამოვა. ხელისუფლება კი პირობას დებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მაშინვე ციხეში აღმოჩნდება, როგორც კი საქართველოს მიწაზე დაადგამს ფეხს.
თუ სააკაშვილი გეგმებს არ შეცვლის, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, მაშინ რთული იქნება წინასწარ იმის განჭვრეტა, როგორ განვითარდება მოვლენები. ისევე, როგორც შეუძლებელი იქნება წინასწარ არჩევნების შედეგების გამოცნობა. მაგრამ სავსებით დასაშვებია, რომ 2 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკურმა ცხოვრებამ ქვეყნის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალოს ახალი აქციებით, არჩევნებითა და სკანდალებით.
რობინზონ ნაჭყებია
ავტორის მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას