თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. პედაგოგების ვაქცინაცია საქართველოში, სავარაუდოდ, სავალდებულო გახდება, ეს განცხადება ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი2"-ის ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადდა და მისი განიხილვა და დამტკიცება მალე მოხდება.
ცერცვაძე აცხადებს, რომ გამოხატვისა და პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ „რაღაც მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი“.
„რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს და ჩვენთან იძახე შენ, „არ შეიძლება რამე იძულებითი იყოს“. რაღაც მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
უფრო ადრე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებლით უკმაყოფილოა.
მთავარი ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, სკოლებში მდგომარეობა სექტემბრის დასაწყისში შეისწავლეს. დადგინდა, რომ ქვეყნის საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55%-ია აცრილი მინიმუმ ერთი დოზით, მათგან სრულად ვაქცინირებულია 33%. რაც შეეხება უშუალოდ პედაგოგების ვაქცინაციას, საქართველოში აცრილია მასწავლებლების 58%, მათგან სრული დოზით (ორჯერადად) – 36%. კერძო სკოლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო მინიმუმ ერთი აცრა ჩატარებული აქვს მასწავლებლების 64%-ს, სრულად ვაქცინირებულია 44%. პედაგოგთა შორის ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში (70%) დაფიქსირდა.
საქართველოს სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა დისტანციურად 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო დასწრებითი ფორმით 4 ოქტომბრიდან განახლდება.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სავარაუდოდ, მისმა პიკმა გადაიარა, მაგრამ ინფიცირებულთა და გარდაცვლილების რაოდენობა მაინც მაღალია. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ პანდემიის დამარცხება მხოლოდ ვაქცინაციასა და დაწესებული შეზღუდვების დაცვას შეუძლია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის სულ ჩატარებულია 1.785.862 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 981.624 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 34,6%. სრულად ვაქცინირებულია 804.238 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,2%.