COVID-19 - ბოლო ცნობები

ცერცვაძე ე.წ. ბუსტერ-დოზის შესახებ

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე დოზით იმუნიზაცია მეორე აცრიდან 6-8 თვის შემდეგაა რეკომენდებული.
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან საქართველოში ე.წ. ბუსტერ-დოზად ჯერ Pfizer-ს, შემდეგ კი Sinovac-სა და Sinopharm-ს გამოიყენებენ, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
ვის შეეხება ე.წ. ბუსტერ–დოზა: თამარ გაბუნიას განმარტება>>
როგორც ცერცვაძემ განმარტა, Sinovac-ის, Sinopharm-ის და AstraZeneca-ს ვაქცინებით აცრილები ბუსტერ-დოზით აიცრებიან Pfizer-ის ვაქცინით.

„Pfizer ერთგვარი უნივერსალურია ბუსტერ-დოზისთვის. ჩინეთში კი ბუსტერ-დოზისთვის იყენებენ საკუთარ ვაქცინას. ასე რომ, დიდი ალბათობით, ეს ჩემი პროგნოზია, ბუსტერ-დოზად დაშვებული იქნება ჯერ Pfizer და შემდგომ – Sinovac და Sinopharm", – განაცხადა ცერცვაძემ.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის განმარტებით, მესამე, ე.წ. ბუსტერ- დოზა მკვეთრად ზრდის იმუნიტეტს. ის კეთდება მეორე დოზის გაკეთებიდან 6 თვის შემდეგ როგორც კოვიდ-გადატანილებში, ასევე ვაქცინირებულებში, რადგან ანტისხეულები თანდათან იკლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ჯგუფი, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზა შეეხება, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები იქნებიან.
მსოფლიო დღეს
ჯანმო: კოვიდ-ვაქცინების ბუსტერულ დოზებზე მორატორიუმი წლის ბოლომდე უნდა დაწესდეს
ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია Sinopharm-ის, Sinovac-ის, Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები. სრულად ვაქცინირებისთვის მოქალაქეებმა აღნიშნული პრეპარატებით ორჯერადად უნდა აიცრან. ქვეყანა ახლო მომავალში ასევე ელოდება Jonson&Jonson-ის ვაქცინას, რომლის ერთი დოზაც საკმარისია იმუნიზაციისთვის.
30 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 1.785.862 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 981.624 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 34,6%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 804.238 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 28,2%.