მსოფლიო დღეს

აშშ სერიოზულად მსჯელობს ავღანეთის მეზობლად მდებარე რუსული ბაზების გამოყენებაზე

ოფიციალური პირები საჯაროდ აცხადებენ, რომ ავღანეთი კვლავ შეიძლება იქცეს ტერორისტების თავშესაფრად.
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ავღანეთის მომიჯნავე ქვეყნებთან „ჰორიზონტს მიღმა“ კონტრტერორისტული ოპერაციების ჩასატარებლად მათ ტერიტორიებზე არსებული სამხედრო ბაზების, მათ შორის, რუსეთის კუთვნილი ბაზების გამოყენების თაობაზე, იუწყება გამოცემა Politico ამერიკელ სენატორებზე დაყრდნობით, რომლებიც პენტაგონის ხელმძღვანელობასთან დახურულ სხდომას ესწრებოდნენ.
მათი თქმით, ამგვარად ამერიკელ სამხედროებს ბევრად გაუადვილდებათ „თალიბანის“ მიერ კონტროლირებად ქვეყანაზე დაკვირვება და იერიშის მიტანა სამიზნეებზე.
მსოფლიო დღეს
WSJ: აშშ-ს რუსული სამხედრო ბაზების გამოყენება სურს
როგორც სენატორები აღნიშნავენ, დახურულ განხილვებზე სამმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ კანონმდებლებს აცნობა, რომ მოლაპარაკებები ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და სხვა ქვეყნების მთავრობებთან მიმდინარეობს. განხილვებამდე რამდენიმე საათით ადრე კი პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა აღიარა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის იმ წინადადების „განმარტება“ მოსთხოვა, რომელიც აშშ-ის მიერ კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარებას ითვალისწინებს ცენტრალურ აზიაში მდებარე რუსული ბაზებიდან.
გასაიდუმლოებულ სხდომაზე სენატორებს გაუმჟღავნეს, რომ ეს ვარიანტი სერიოზულად განიხილება. უფრო მეტიც, გამოცემის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა კენეტ მაკენზიმ დეტალურად ისაუბრა თვითმფრინავების ტიპებსა და გაშვების წერტილებზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს ავღანეთში ტერორისტული სამიზნეების გასანადგურებლად.
მსოფლიო დღეს
დაბრუნდება თუ არა აშშ ავღანეთში: პენტაგონის შეფმა კომენტარი გააკეთა
როგორც Politico აღნიშნავს, ეს ინფორმაცია იმ ფონზე ვრცელდება, როდესაც ოფიციალური პირები საჯაროდ ტეხენ განგაშს იმასთან დაკავშირებით, რომ ავღანეთი კვლავ ხდება იმ ტერორისტული დაჯგუფებების თავშესაფარი, რომლებიც აშშ-ზე თავდასხმისკენ ისწრაფვიან. როგორც გენერალმა მარკ მილიმ აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის სხდომაზე, „ალ-ქაიდა“ შეიძლება 36 თვეში სერიოზულად მოძლიერდეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მეთაურმა ვალერი გერასიმოვმა ფინეთში შეხვედრისას ამერიკელი სამხედროების მიერ ცენტრალურ აზიაში მდებარე რუსული ბაზების გამოყენების შესაძლებლობაზე იმსჯელეს. მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უარი უთხრა კომენტარზე ამ თემასთან დაკავშირებით.