თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ბაქოში ორი ქვეყნის ეკონომიკური კომისიის სხდომაზე რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.
მხარეებმა ხელი მოაწერეს 2021-2024 წლებში თანამშრომლობის პროგრამას კულტურის სფეროში, თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის სფეროში, შეთანხმებას საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის შესახებ, ასევე ურთიერთგაგების მემორანდუმს ქართულ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის, შეთანხმებას სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშემწყობ ფონდს შორის.
„აზერბაიჯანი საქართველოს არა მხოლოდ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფო, არამედ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ორმხრივ ურთიერთობებს. თანამშრომლობა ვითარდება ვაჭრობის, ეკონომიკის მიმართულებით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველო ამ ურთიერთობების გაღრმავების იმედს იტოვებს.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, ეკონომიკური თანამშრომლობის ის სფეროები დაასახელა, რომლებშიც ქვეყნებს ურთიერთობის გაღრმავება შეუძლიათ.
„ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის კარგი შესაძლებლობები გაგვაჩნია ციფრული ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ჯანდაცვის და სხვა სფეროებში. ამ შესაძლებლობების რეალიზებისთვის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის ჩატარება აუცილებელი იყო“, - აღნიშნა ასადოვმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტების გაფორმება ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოებას.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ურთიერთობა ყოველწლიურად იზრდება. ამჟამად ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების პირველ ხუთეულში შედის. 2020 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 934,5 მილიონი დოლარი შეადგინა, აზერბაიჯანული ინვესტიციების მოცულობამ კი - 52, 8 მილიონი დოლარი.