თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ახალ ბიძგს მისცემს, განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე.
ღარიბაშვილი ბაქოში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ქართულ–აზერბაიჯანული მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაური საკუთარ რეზიდენციაში მიიღო.
„დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკურ დიალოგს ორ მოძმე ერს შორის, რომელიც ყოველთვის ძალიან აქტიურია. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. გამოჩნდა ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები. ჩვენი ურთიერთობები სასარგებლოა არა მხოლოდ ჩვენი ერებისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის", – განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ქვეყნებს შორის შესამჩნევი პროგრესი ეკონომიკის და სავაჭრო ბრუნვის კუთხით.
„დღეს შედგება მთავრობათშორისი კომისიის სხდომა, რომლის დროსაც განხილული იქნება ამჟამინდელი სიტუაცია და დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები. ჩვენთვის ძალიან იმედისმომცემია საქართველოს პოზიტიური საინვესტიციო გარემო და ეკონომიკური რეფორმები, რომელთა წყალობითაც გადაჭრილია ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა“, – განაცხადა ალიევმა.
როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო მეთაურმა აღნიშნა, ასევე განხილული იქნება თანამშრომლობის ტრადიციული მიმართულებები, როგორიცაა ბუნებრივი აირისა და ნავთობის ტრანსპორტირება, ასევე უკვე განხორციელებული პროექტები, რომელთა შედეგებით უკვე სარგებლობენ საქართველო და აზერბაიჯანი.
„ამ პროექტების წყალობით აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმა, რადგან ეს პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ ევრაზიის რეგიონის ბევრი სხვა სახელმწიფოსთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტი ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს თანამშრომლობას“, – აღნიშნა ალიევმა.
თავის მხრივ, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია აზერბაიჯანთან ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განმტკიცებით.
„ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი სანიმუშო ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად. როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ჩვენ ვართ მეგობარი, მოძმე ერები... ეს ჩემი მეორე ვიზიტია ამ წელს, და როგორც ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ არაერთხელ გვქონდა სატელეფონო დიალოგი. დღეს კი განვიხილავთ ჩვენს მომავალ გეგმებთან დაკავშირებულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ნაყოფიერი იქნება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ვიზიტის დღის წესრიგის შესაბამისად, ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან რიგ შეხვედრებსაც გამართავს.
ბაქოში ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი.
წაიკითხეთ ასევე: