თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ახალი კაბინები მოამზადა, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სიორიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ხმის მიცემის კაბინები პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისში, დაახლოებით 800 საარჩევნო უბანზე შეიცვლება.
ახალი კაბინები იმიტირებულ არჩევნებზე უკვე გაიტესტა. როგორც ცესკოში აღნიშნავენ, განახლებული კაბინები მაქსიმალურად უზრუნველყოფენ ხმის მიცემის ფარულობას და თან გამორიცხავენ ე.წ. „კარუსელის“ – ხმების ჩაყრის შესაძლებლობას.
„რემოდელირებული კაბინების წინა კედელი იქნება დამოკლებული და ის იქნება აღჭურვილი ე.წ. დამცავი ფარით. მოვახდინეთ ამ კაბინების იმიტირებულ არჩევნებზე გამოცდა და ვერც ერთი შემთხვევა ვერ იქნა დაფიქსირებული, მათ შორის, ყველაზე კრიტიკული დამკვირვებლების მიერ, სულ რომ კაბინის წინ დადგეს ადამიანი, რომ დაენახათ, თუ ვის მისცა ამა თუ იმ ამომრჩეველმა ხმა“, – განაცხადა სიორიძემ.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შაბათს, 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.