თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. არჩევნების დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიებში შესვლისას საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტებისა და მასმედიის წარმომადგენლებს COVID-19 ანტიგენის სწრაფი ტესტით ტესტირება ჩაუტარდებათ, ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტესტირების პროცესი ცესკოში, ასევე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან დაიწყება და 3 ოქტომბრის დილის 06:00 საათამდე გასტანს. გარდა ამისა, სწრაფი ტესტირება ასევე იგეგმება ე.წ. ხმის გადათვლის ცენტრებშიც.
უწყების ინფორმაციით, 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით კენჭისყრის დღეს ტესტირებას საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს.
28 სექტემბერი 2021, 19:20
საქართველოში არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოში აცხადებენ, რომ კენჭისყრის პროცესი ამომრჩევლებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება. საარჩევნო უბანზე მყოფებს უნდა ეკეთოთ პირბადე, კომისიის წევრებმა და დამკვირვებლებმა უბანზე შესვლისას თერმოსკრინინგი უნდა გაიარონ. ამომრჩევლები თერმოსკრინინგს არ გაივლიან, მაგრამ მათთვის იქნება გათვალისწინებული ერთჯერადი კალმები ბიულეტენის შესავსებად და მინიმალური კონტაქტი კომისიის წევრებთან.