არჩევნები 2021

არჩევნები და დამკვირვებლები: ვინ დააკვირდება არჩევნებს 2 ოქტომბერს

ცესკოში რეგისტრაცია გაიარა 89 ადგილობრივმა და 53-მა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ.
Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ადგილობრივი არჩევნებისთვის სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია ოფიციალურად დაასრულა.
არჩევნებამდე ოთხი დღე რჩება. თვითმმართველი ორგანოების არჩევნები შაბათს, 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.
ცესკოს ბოლო მონაცემებით, რეგისტრაცია გაიარა 89 ადგილობრივმა და 53-მა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ.
რას შეპირდა ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო დამკვირვებლებს
ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა 23.432 დამკვირვებელი დაარეგისტრირეს.
ყველაზე მეტი დამკვირვებელი არჩევნებზე ეყოლება შემდეგ ხუთ ადგილობრივ ორგანიზაციას:
„კავშირი მწვანე დედამიწა" – 3.067 დამკვირვებელი
„საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველო“ – 2.176
„ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“ – 1.449
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) – 1.429
„მომავლის ნათება" – 1.331
რაც შეეხება უცხოელებს, ცესკოს ბოლო ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებზე იქნება წარმოდგენილი 662 დამკვირვებელი. ამათგან 318 პირი იქნება „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისიდან” (OSCE/ODIHR), ხოლო 126 – „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან" (IRI).

დამკვირვებლების ფუნქციები

საქართველოს კანონმდებლობით, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების უფლებები ერთმანეთისგან განსხვავდება.
მაგალითად, საერთაშორისო დამკვირვებლებს შეუძლიათ მხოლოდ დააკვირდნენ არჩევნების პროცესს, ხმების დათვლის პროცესს და გაეცნონ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს.
არჩევნები 2021
საქართველომ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოსაწვევი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუგზავნა
ადგილობრივ დამკვირვებელს კი უფლება აქვს დააკვირდეს ყველა პროცედურას საარჩევნო უბანზე, განცხადებით (საჩივრით) მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაფიქსირებულ დარღვევაზე რეაგირების თხოვნით, მოსთხოვოს ამომრჩეველს, უჩვენოს, რამდენი საარჩევნო ბიულეტენი და სპეციალური კონვერტი აქვს ხელში; შეიტანოს საჩივარი ცესკოში.
ამასთან არც ადგილობრივ, არც საერთაშორისო დამკვირვებლებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ კომისიის ფუნქციებში, ხელი შეუშალონ კენჭისყრის პროცესს ან რაიმე ფორმით აგიტაცია აწარმოონ.