ფოთელმა ბიჭმა „გირჩის“ გათამაშებაში Porsche Taycan მოიგო

პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ მსგავსი ტიპის ავტომობილის გათამაშებას 2 ოქტომბრის არჩევნებზეც გეგმავს
Sputnik
თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩმა“ 100 ათასი ლარის ღირებულების ახალი Porsche Taycan გაათამაშა - ავტომობილი მოიგო ფოთელმა ჯუბა გრიგოლიამ, რომელიც ამჟამად სწავლობს და ცხოვრობს თბილისში.
პარტია „გირჩმა“ ავტომობილის გათამაშების შესახებ გასული საპარლამენტო არჩევნების წინ განაცხადა. ამომრჩევლებს ხმის მიცემის შემდეგ უნდა გადაეღოთ ფოტო საარჩევნო უბანთან და ფოტო სოციალურ ქსელში საჯაროდ აეტვირთათ. ამის შემდეგ ამომრჩევლები გათამაშებაში ხვდებოდნენ.
სწორედ სოციალურ ქსელში ატვირთულმა ამ ფოტომ გრიგოლიას ახალი ავტომობილი მოაგებინა.
მცდელობა N2: „გირჩი“ არჩევნების წინ Tesla-ს ავტომობილების გათამაშებას აპირებს
მანქანის გასაღები პარტიის ლიდერებმა ახალგაზრდა მამაკაცს უკვე გადასცეს.
„ეს ჩემი პირველი მოგებაა. აქამდე არაფერი არ მომიგია“, - განაცხადა გრიგოლიამ.
პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ მსგავსი ტიპის ავტომობილის გათამაშებას 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზეც გეგმავს. ამისათვის მოქალაქეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია პარტიის ვებგვერდზე და საჯაროდ ატვირთონ თავისი ფოტო.