ნათია თურნავა: ბათუმის სანაპიროსთან ხელოვნური კუნძული აშენდება

პროექტის თანახმად, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის საერთო ფართობი 90 ჰექტარს შეადგენს.
Sputnik
თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში ულტრათანამედროვე, გასართობი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის აშენება იგეგმება, აცნობა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
პროექტი „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ მთლიანად კერძო ინვესტიციებით განხორციელდება. კომპანია „ამბასადორი“ 100 მილიონ დოლარს დააბანდებს პროექტის პირველ ფაზაში, რა დროსაც 2 ათასი ადამიანი დასაქმდება.
თურნავას თქმით, მთავრობამ პროექტს მხარი ორშაბათს გამართულ სხდომაზე დაუჭირა.

„აქ, შავი ზღვისპირეთში 90 ჰექტარზე ხელოვნური კუნძულებისა და ნახევარკუნძულების შექმნა იგეგმება, სადაც მომავალში ახალი ქალაქი გაშენდება, ახალი დიდი უბანი, დაახლოებით 500 ჯამური ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი, სავაჭრო, გასართობი ინდუსტრია, ძალიან ბევრი საინტერესო ობიექტი, რომელიც არაერთ ტურისტს და სტუმარს მოიზიდავს ჩვენს სტუმართმოყვარე ბათუმში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილებით, კომპანიას განაშენიანების უფლებით გადაეცემა 90 ჰა ტერიტორია ქალაქ ბათუმში, ბარცხანასა და თამარის დასახლებაში.
პროექტი ითვალისწინებს სავაჭრო, გასართობი, სპორტული, საგანმანათლებლო, გამაჯანსაღებელი, საცხოვრებელი და ტურისტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობას.
მინისტრი: საქართველოში ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს
მინისტრის თქმით, პროექტი საკმაოდ რთულია ტექნიკური თვალსაზრისით, ამიტომაც ინვესტორს მოუწევს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარება, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები და შესაბამისი კვალიფიკაციის ინსტიტუციები.
გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობასა და კომპანია „ამბასადორს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საინვესტიციო პროექტის რეალიზაციაში მხარეების ურთიერთქმედებას ითვალისწინებს.