თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. იტალიის ქალაქ ოლბიაში ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი როგორც პირად, ასევე გუნდურ ჩათვლაში 6 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 13 სპორტსმენით იასპარეზებს.
ქართველი სპორტსმენები იტალიაში 4 ოქტომბერს გაფრინდებიან, მანამდე კი უკვე ერთი კვირაა, რაც ძიუდოისტ ვაჟთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება ქალაქ გორში დაიწყო. შეკრება 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ბიჭების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა ირაკლი ცირეკიძემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დღეს დაასახელა.
ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გოგონების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ ასევე დაარეგისტრირა თავისი ოთხი შეგირდი.
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ძიუდიოისტთა შემადგენლობა ასეთია:
ვაჟები:
60 კგ – გიორგი სარდალაშვილი, შაქრო შათირიშვილი
81 კგ – გიორგი შერაზადიშვილი
90 კგ – ნიკა ხარაზიშვილი; ლაშა მღებრიშვილი
100 კგ – ილია სულამანიძე; მიხეილ ჯაფარიძე
+100 კგ – საბა ინანეიშვილი; ირაკლი დემეტრაშვილი
ქალები:
52 კგ – მარიამ ლაფაჩიშვილი; რეგინა უთნელიშვილი
57 კგ – ნინო ლოლაძე
63 კგ – ინდირა სილაგაძე
გუნდის მწვრთნელების თქმით, ქართველ სპორტსმენებს მედლების მოპოვების შანსები აქვთ.
მათ ამ ვარაუდს 20 სექტემბერს ლუქსემბურგში გამართული ევროპის ახალგაზდული ჩემპიონატის მაჩვენებლებიც უმყარებთ, სადაც ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მამაკაცთა შორის ხუთი მედალი მოიპოვეს: ერთი ოქრო და ორ-ორი ვერცხლი და ბრინჯაო. ევროპის ჩემპიონი 90 კილოგრამში ნიკა ხარაზიშვილი გახდა, ვერცხლის მედალს გიორგი სარდალაშვილი (60) და საბა ინანეიშვილი (+100) დაეუფლნენ, ბრინჯაოს - თორნიკე ფოლადიშვილი (90) და ილია სულამანიძე (100).