მსოფლიო დღეს

აშშ თურქეთს ახალი სანქციებით ემუქრება

Sputnik
თბილისი 28 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი, რომელიც შეშფოთებულია თურქეთის მიერ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა С-400-ების შესყიდვით, ანკარას დამატებითი სანქციებით ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა რუსეთთან ახალ შეთანხმებებს გააფორმებს.

„ჩვენ უკიდურესად მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი აზრი, როდესაც დავწერეთ კანონი CAATSA (კანონი ამერიკის მოწინააღმდეგეებთან სანქციების მეშვეობით ბრძოლის შესახებ, — რედ.). სანქციები ეკისრება ყველა ორგანიზაციას, რომელიც რუსეთის სამხედრო თუ სადაზვერვო სტრუქტურებთან ბიზნესს აწარმოებს. თურქეთის მიერ ნებისმიერ ახალ შენაძენს სანქციები მოჰყვება“, — ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში Twitter-ზე.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა ამერიკულ ტელეარხ CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ანკარა უახლოეს მომავალში გეგმავს რუსული C-400-ის კიდევ ერთი პარტიის შეძენას. ერდოღანის თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ თურქეთის პრეროგატივაა და სხვა არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ჩაერიოს მის საქმეებში.
აზერბაიჯანში შესაძლოა თურქული სამხედრო ბაზა დაარსდეს
თურქეთმა და რუსეთმა С-400-სთან დაკავშირებით ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმეს. ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსები თურქეთს 2019 წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში მიეწოდა. ამ გარიგებას თურქეთსა და აშშ-ის ურთიერთობებში კრიზისი მოჰყვა: ვაშინგტონი ანკარას რუსული სისტემების სანაცვლოდ ამერიკული Patriot-ების შეძენას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში უახლესი გამანადგურებლების, F-35-ების მიყიდვის შეზღუდვით ან აკრძალვით, ასევე CAATSA-ს შესაბამისი სანქციებით ემუქრებოდა.
თუმცა, როგორც თურქეთის პრეზიდენტის მიერ აგვისტოს ბოლოს გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, ანკარა არ აპირებს უარი თქვას С-400-ზე. მოგვიანებით, მიუხედავად აშშ-ის მხრიდან ზეწოლისა, ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთთან შეთანხმება უკვე დადებულია და გადახედვას არ ექვემდებარება.