თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. პარიზში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის გამორჩეული წარმომადგენელი, მოდის დიზაინერი, მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ღირსების მედლით დააჯილდოვა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
დაჯილდოების ცერემონია Balenciaga-ს მოდის სახლში გაიმართა.
პრეზიდენტმა დემნა გვასალიას საქართველოს სახელმწიფო ჯილდო მოდის სფეროში წარმატებული მოღვაწეობისა და საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი წვლილისათვის გადასცა.
„ქართველი ხალხის სახელით მადლობას გიხდით. მეც ემიგრანტის შვილი ვარ და მინდა გითხრათ, რომ თქვენ გახდით მაგალითი ქვეყნიდან გასული ახალგაზრდებისათვის და ყველასათვის, რომლებიც თქვენ გიყურებენ და ხედავენ, რომ თუ გინდა და შეგიძლია, თუ მზად ხარ რომ დაიხარჯო, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ეს ძალიან დიდი მაგალითია და ამისთვის, მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ძალიან დიდ მადლობას გიხდით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
დემნა გვასალიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოსა და მისი ხელოვნების აღიარებისათვის.
დემნა გვასალიამ სახელი მოდის სამყაროში მისი „მოდური გადატრიალების“ წყალობით გაითქვა. გვასალიას თითოეული კოლექცია თვალის დახამხამებაში იყიდება, რადგან დემნას სამოსი – აბსოლუტური თავისუფლების სიმბოლოა. დემნას შექმნილ ტანსაცმელს ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, მათ შორის რიანა, სელინ დიონი, კანიე ვესტი, კიმ კარდაშიანი, შაია ლაბაფი და სხვები.
მოდის სახლი Balenciaga 1919 წელს ესპანელმა დიზაინერმა კრისტობალ ბალენსიაგამ დააფუძნა. 1937 წელს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს ატელიე პარიზში გადავიდა. დღეს ბრენდი ეკუთვნის ფრანგულ კომპანია Kering-ს. 2015 წლიდან მოდის სახლს დემნა გვასალია უძღვება.