„ღვინის გზის“ პროექტში მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა

პანდემიის მიუხედავად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. „ღვინის გზის” პროექტში წელს 48 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტი ჩაერთვება, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
პროექტში ღვინის მასპინძელი ობიექტები ჩაერთვებიან კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, გურიიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან.
საქართველომ „ღვინის გზის“ პროექტი 2012 წელს დაიწყო. პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციულ რეგიონებში ყველა იმ კომპანიის, მცირე საწარმოსი თუ ოჯახური მარნის აღნუსხვას, რომელიც მზადაა ტურისტების მისაღებად. აღრიცხვის ეტაპი უკვე დასრულდა. ამჟამად ტურიზმის დეპარტამენტი გზებზე ნიშნულებს აყენებს, რომელთა დახმარებითაც ტურისტებმა ღვინის გზაზე უნდა იარონ და პატარა-პატარა ღვინის ოაზისებს მიაგნონ.
ქართული ღვინის პოპულარული სახეობები
წელს ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით ღვინის ტურიზმის 28 ახალი მასპინძელი ობიექტისთვის საგზაო მანიშნებლები დაამონტაჟა. 20 ახალი ობიექტისათვის მიმდინარეობს საგზაო მანიშნებლების მონტაჟი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს კვლავ განაგრძობს.
„ღვინის გზის“ პროექტის გარდა ადმინისტრაციამ წელს სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ექვსი სალაშქრო ბილიკი მონიშნა, ბილიკების ჯამური სიგრძე 105 კმ-ს შეადგენს. ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონების სამთო–საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის სამუშაოები. ბილიკების ჯამური სიგრძე შეადგენს 120 კმ-ს, პროექტი ოქტომბერში სრულდება.
საქართველოში ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
ადმინისტრაციის ორგანიზებით 2021 წელს გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალურ ქსელებში ქალაქისა და ადგილის პოპულარიზაციის მიზნით სასურათე ჩარჩო დამონტაჟდა. ატენის ხეობაში კი მდინარე ტანას სანაპიროზე მოეწყო საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც ხეობის სტუმრებს კეთილმოწყობილ სივრცეს სთავაზობს.
უწყების ცნობით, USAID-ს პროექტის ფარგლებში მიზნობრივ რეგიონებში დამონტაჟდა ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ახალი აბრები.