თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ქართველი მხატვრის ლევან სონღულაშვილის მულტიმედიური პერსონალური გამოფენა Triptychos დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 8 ოქტომბერს გაიხსნება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
Triptychos – „ტრიპტიქი“ სამი ნაწილისგან შემდგანი ნამუშევარია, რომელიც მხატვრის ეგზისტენციალური მდგომარეობისა და ფსიქოლოგიური ტრანფორმაციის სამ გარდამტეხ ეტაპს ეხმიანება. გამოფენა აერთიანებს კედლის მხატვრობას, ინსტალაციას, ფერწერასა და ბგერას. ექსპოზიცია იმერსიული ხასიათისაა და მუზეუმის სამ დარბაზს მოიცავს, რომელიც ტრიპტიქს ქმნის.
გამოფენა 19:00 საათზე გაიხსნება და ის 7 ნოემბრამდე გასტანს. ექსპოზიციას წარმოადგენს Window Project.
ლევან სონღულაშვილი — 30 წლის თბილისელია. 2014 წელს ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში სამაგისტრო კურსის გავლის მიზნით თბილისიდან აშშ–ში საცხოვრებლად გადავიდა როგორც საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი.
ლევან სონღულაშვილი
© FB / Levan Songulashvili
სწავლის პერიოდში სონღულაშვილმა რამდენიმე პრესტიჟული პრემია და სტიპენდია მიიღო, რომელთა შორისაა პრემია Portrait Scholarship Award 2015 და ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიის Tribeca Ball 2015-ის პრემია.
ლევან სონღულაშვილი 2017 წელს პირველი ქართველი მხატვარი გახდა, რომლის ნამუშევრებიც ბრუკლინის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიციისთვის შეარჩიეს. ახლა ქართველი მხატვრის ნამუშევრები ინახება ისეთი დიდი ოსტატების გვერდით, როგორიც არიან ანრი მატისი, პაბლო პიკასო, პოლ გოგენი.
2018 წლის იანვარში სონღულაშვილი სათავეში ჩაუდგა ამერიკული პორტალის Artistaday 2017 წლის საუკეთესო ვიზუალური არტისტების რეიტინგს.