თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის მწარმოებელმა საწარმო EL PLUS-მა თბილისში მზა პროდუქციის საგამოფენო დარბაზი გახსნა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, კომპანია EL PLUS-მა საქართველოში პირველად დაიწყო და განავითარა სახანძრო უსაფრთხოების ინვენტარისა და პროდუქციის წარმოება. კომპანიამ ევროპული სტანდარტების შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი ახალი საწარმო დააფუძნა.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. საწარმოში დასაქმებულია დაახლოებით 200 ადამიანი.
„ეს არის ძალიან საინტერესო საწარმო, რომელიც შეიქმნა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით და ამზადებს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარს, ყველაფერს, რაც დაკავშირებულია შენობების ხანძრისგან დაცვასთან“, – განაცხადა თურნავამ.
კომპანიის მიერ განხორციელდა 6 მლნ ლარის ინვესტიცია, საიდანაც 2 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გამოიყო.
როგორც თურნავამ განაცხადა, ეს არის იმპორტის ჩამნაცვლებელი საწარმო, რომლის შექმნაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით მოხერხდა.