ცესკო: საბურთალოს საარჩევნო უბნებზე ზვიად კუპრავა შეიჭრა

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ნუ გასცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს, არ შეუშალონ ხელი საარჩევნო კომისიების მუშაობას.
Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. საბურთალოს საარჩევნო ოლქის 76-ე და 52-ე საარჩევნო უბნებზე, რომლებიც ერთ სკოლაშია განთავსებული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი კანონდარღვევით შეიჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა უბნის საარჩევნო კომისიის წევრებს. ამის შესახებ განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა.
მისი ინფორმაციით, სარჩევნო უბნებზე შეჭრილი ოპოზიციონერი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საარჩევნო უბნის კომისიის წევრებს იმ მიზეზით, თითქოს საარჩევნო უბნებზე მარკირების სითხე დიდი რაოდენობით და ვადების დარღვევით იყო შეტანილი. ასევე პარტიის წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აპელირებდა იმაზე, რომ უბნის წევრები ვარჯიშობდნენ ვაზელინის გამოყენებით მარკირების სითხის წაშლაზე.
მუქარა და შეურაცხყოფა: ცესკო ზეწოლაზე საუბრობს
მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მივიდა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და აუხსნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში ინვენტარი და მათ შორის მარკირების სითხეც კანონით გათვალისწინებულ ვადებში, საჭირო რაოდენობით იყო მიტანილი და არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, პარტიის წარმომადგენელმა გააგრძელა შეურაცხმყოფელი განცხადებები, რის გამოც ოლქის თავმჯდომარეს მოუხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება, აღნიშნეს ცესკოში.

„ცალსახად ვაცხადებთ, რომ კანონმდებლობით არ არსებობს სპეციალური ვადები მარკირების სითხის უბნისთვის გადასაცემად. ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში ეტაპობრივად ნაწილდება კენჭისყრის დღისთვის აუცილებელი ინვენტარი, მათ შორის მარკირების სითხე, საარჩევნო დოკუმენტაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებები და ა.შ. ამ თემით მანიპულირება კი ჩართული მხარეებისგან წარმოადგენს საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულ ხელის შეშლას და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობას“, – განაცხადა იოსელიანმა.

როგორც გაირკვა, საბურთალოს ორი საარჩევნო უბანი მოინახულა ზვიად კუპრავამ, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის წევრია (მე-13 ნომერი).
მან თავის Facebook-გვერდზე ატვირთა ვიდეო, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ უბნებზე „მიმდინარეობდა მარკირების ვაზელინით მოცილების პრაქტიკული გაკვეთილები“.
არჩევნები 2021
საქართველომ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოსაწვევი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაუგზავნა
ქვეყანაში თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში სულ 43 პარტია იღებს მონაწილეობას.
ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაარეგისტრირა 89 ადგილობრივი და 52 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც დააკვირდებიან როგორც უშუალოდ კენჭისყრის, ისე წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.