თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. 2021 წლის აგვისტოში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,4%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 16,7%-ით, მათ შორის სურსათზე – 16,5%-ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 1,1%-ით შემცირდა.
მიმდინარე წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 1,2%-ით გაიზარდა.
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე აგვისტოში 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით, 18,3%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 38,3%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 19,4%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 18,4%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,7%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 19,2%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 16,72%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე – 16,9%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 45,1%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 20,8%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 20,8%-ით გაძვირდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2021 წლის აგვისტოში 12,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები წლიური 16,2%-ით გაიზარდა. აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% შეადგინა.