თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს-სერვისების კომპანია Concentrix შემოვიდა.
Concentrix მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს აწვდის ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, ელექტრონული ვაჭრობის, საბანკო და სხვა სექტორებში. ამ მიმართულებით მოქმედ კომპანიებს შორის ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია და მსოფლიოს მასშტაბით 250 ათასზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
„საქართველოს Concentrix-ის ოჯახში გაწევრიანება კომპანიის გაფართოვების სტრატეგიის მნიშნველოვანი ნაწილია, რომელიც კომპანიას საკუთარი გლობალური დაფარვის ზონის გაზრდაში დაეხმარება“, - ნათქვამია Concentrix-ის ოფიციალურ განცხადებაში.
კომპანია მსოფლიო ბრენდებს მომსახურებას დისტანციურად საქართველოდან მიაწვდის. Concentrix-მა უკვე დაიწყო თანამშრომლების პირველი ნაკადის აყვანა და ეს პროცესი სამომავლოდაც ეტაპობრივად გაგრძელდება.
„ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი ქართველი კოლეგების მიღებას Concentrix-ის ოჯახში და მზად ვართ ვიყოთ გამორჩეული დამსაქმებელი, რომელიც ზრუნავს მის თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე“, - განაცხადა საქართველოსა და ბულგარეთის ლოკაციების დირექტორმა, პაველ პაულამ.
ბიზნეს-პროცესების აუთსორსინგის მიმართულებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2020-2022 წლის სტრატეგიული მიზნების ნაწილია და სააგენტო აქტიურად მუშაობს აღნიშნული მიმართულებით, როგორც კომპანიებთან პირდაპირი კომუნიკაციის, ასევე მარკეტინგის და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვან წყაროებში საქართველოს შესახებ ინფორმაციის ინტეგრირების კუთხით, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.