თბილისი, 25 სექტემბერი– Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა ფლორიდის შტატში შინაური ქრცვინის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ, ამის შესახებ აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) ვებგვერდზეა ნათქვამი.
„აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) ეროვნული ვეტერინარული სამსახურის ლაბორატორიებმა დღეს განაცხადეს, რომ ფლორიდაში შინაურ ქრცვინს SARS-CoV-2 დაუდასტურდა. ეს არის პირველი შინაური ქრცვინი დადასტურებული SARS-CoV-2-ით შეერთებულ შტატებში“, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხოველთა და მცენარეთა ჯანმრთელობის ინსპექციის სამსახურის (APHIS) განცხადებაში.
აღინიშნა, რომ ცხოველს აღმოაჩნდა დაავადების სიმპტომები: ხველა და ცემინება. სპეციალისტებმა მას ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს და ანალიზის შედეგად ცხოველის ორგანიზმში COVID-19 დადასტურდა. სავარაუდოდ, ქრცვინი COVID-19-ით ადამიანისგან დაინფიცირდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კალიფორნიის შტატის ოკლენდის ზოოპარკმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბინადრების ვაქცინაცია ექსპერიმენტული ვაქცინით Zoetis დაიწყო.
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Zoetis მუშაობს ვაქცინებზე და სხვა პრეპარატებზე, რომლებიც სპეციალურად ცხოველებისთვისაა განკუთვნილი.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში, ახალ ინგლისში (New England) იმავე კომპანიის ვაქცინით კორონავირუსის მიმართ მოწყვლადი ცხოველების ვაქცინაცია დაიწყეს. ვაქცინა მოიწონა აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „ექსპერიმენტული მოხმარებისთვის“, ყოველი კონკრეტული შემთხვევის გარემოებებიდან გამომდინარე.