თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 28 სექტემბერს სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო მუზეუმებში და მუზეუმ-ნაკრძალებში ვიზიტი ადგილობრივი და უცხოელი სტუმრებისთვის უფასო იქნება.
უწყების ცნობით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედებს 24 მუზეუმი და სამუზეუმო გაერთიანება და 12 მუზეუმ-ნაკრძალი.
ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ესტუმრონ ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებში არსებულ მუზეუმებს თუ მუზეუმ-ნაკრძალებს, იხილონ ადგილობრივი გარემო და გაეცნონ ამა თუ იმ კუთხის კულტურისა და ისტორიის ნაწილს.
„მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის კულტურულ-ისტორიული სიმდიდრის პოპულარიზაციისთვის და მასზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული“, - აღნიშნავენ უწყებაში.
სამინისტრო აქვეყნებს იმ მუზეუმების და მუზეუმ-ნაკრძალების ჩამონათვალს, რომელთა მონახულებასაც დამთვალიერებლები უფასოდ შეძლებენ.
ტურიზმის მსოფლიო დღე 27 სექტემბერს აღინიშნება.