თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის 89 ადგილობრივი და 45 საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა, რომლებიც დააკვირდებიან როგორც უშუალოდ კენჭისყრის, ისე წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
ადგილობრივი ორგანიზაციებიდან რეგისტრაცია უკვე გაიარა ყველა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, რომელიც აკვირდება არჩევნებს და ოპერატიულად აქვეყნებს მასალებს წინასაარჩევნო კამპანიისას და კენჭისყრის დღეს მომხდარი დარღვევების შესახებ.
მათ შორისაა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „მრავალეროვანი საქართველო“ და ა.შ.
ცესკომ ასევე დაარეგისტრირა 45 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია. მათ შორისაა სხვადასხვა ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციები, საელჩოები და საარჩევნო კომისიები. არჩევნების მსვლელობის დაკვირვების მიზნით საქართველოში ჩამოვლენ OSCE/ODIHR-ის (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი) და ევროკავშირის წარმომადგენლები.
წინასაარჩევნო პროცესების და არჩევნების გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა ასევე 45 მედიასაშუალების 2.238 ჟურნალისტმა და ოპერატორმა.
არჩევნებში მონაწილეობას 43 პარტია იღებს.