საჭირო გახდა ევაკუაცია: ძლიერი წვიმის შემდეგ თბილისის გარეუბანში ხუთი სახლი დაზიანდა

საქართველოს მთავრობამ პირობა დადო, რომ ზარალს აუნაზღაურებს ყველა ოჯახს, რომელიც წელს ძლიერი წვიმებისგან დაზარალდა.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისის გარეუბანში მდებარე სოფელ ნასაგურში გუშინ ძლიერი წვიმებისგან ხუთი ოჯახი დაზარალდა, საჭირო გახდა მათი ევაკუაცია და სასტუმროში გადაყვანა, განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ხუთივე ოჯახს წვიმამ სახლები იმდენად დაუზიანა, რომ იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა.
„შევთავაზეთ ამ ადამიანებს, ვისაც არ აქვს დასარჩენი ადგილი, რომ გადავიყვანოთ სასტუმროში... სახურავების გადახდა მოხდა, ამან გამოიწვია შენობების გარკვეული ნაწილის დაზიანება, სადაც არის საფრთხე. იქ ადამიანების დარჩენა არ შეიძლება“, – განაცხადა სამხარაძემ.
კახეთში, გურიასა და აჭარაში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას მთავრობა დაეხმარება
მან ასევე აღნიშნა, რომ წვიმამ ამ ტერიტორიაზე დააზიანა გზები და ქუჩის განათება.
ზარალის დათვლა პარასკევს დაიწყება. უფრო ადრე საქართველოს მთავრობამ პირობა დადო, რომ ზარალს აუნაზღაურებს ყველა ოჯახს, რომელიც წელს ძლიერი წვიმების შედეგად დაზარალდა.