თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი ონლაინ–პლატფორმა covidpass.moh.gov.ge ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ გააცნო.
მოქალაქეთა კოვიდ-სტატუსის შესახებ სპეციალური პორტალი საქართველოში 14 სექტემბერს ამოქმედდა. პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელების კოვიდ-სტატუსზე ინფორმაციის მიღება ე.წ. QR-კოდის საშუალებით.
„დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების სურვილია, რომ დაინერგოს ეს აპლიკაცია და განისაზღვროს მწვანე ზონები, რაც, ერთი მხრივ, მათ მისცემთ შესაძლებლობას, ნებისმიერი ეპიდემიოლოგიური გართულების დროს ეკონომიკური აქტივობა შეინარჩუნონ, მეორე მხრივ კი, უზრუნველყონ მომხმარებელთა უსაფრთხოება“, – განაცხადა ფერაძემ.
ფერაძე არ გამორიცხავს, რომ ახალი აპლიკაციის გამოყენება ბიზნესმენებს, კერძოდ, რესტორატორებს საშუალებას მისცემს, გაახანგრძლივონ სამუშაო დრო, რომელიც ამჟამად 22:00 საათზე მთავრდება.
ე.წ. მწვანე ზონების შექმნა უზრუნველყოფს ბიზნეს-სექტორის ეკონომიკურ სტაბილურობას. ფერაძის განცხადებით, „კოვიდ-საშვის“ აპლიკაციის წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, შესაძლოა, სპეციალურად ამ სეგმენტისთვის დღის წესრიგში რეგულაციების შემსუბუქების საკითხიც დადგეს.
შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის თქმით, „მწვანე სტატუსი“ მიენიჭება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც ბოლო 24 საათში მიიღეს კორონავირუსზე სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი, ვინც ბოლო 72 საათში მიიღო PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი, ვინც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გადაიტანა კორონავირუსი და ვინც ორჯერადად ვაქცინირებულია.