თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია „აიცერი და მოიგეს“ ფარგლებში უკვე გათამაშდა 260,4 ათასი ლარი და გამარჯვებული გახდა თბილისში, ბოლნისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, კასპსა და მარნეულში მცხოვრები 1.777 ადამიანი, იუწყება საქართველოს ეროვნული ლატარია.
ვაქცინირებულთა წამახალისებელი ლატარიის გათამაშება საქართველოში 14 სექტემბერს დაიწყო.
ლატარიის კომპანია შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ვაქცინირებულ პირთათვის ყოველდღიურად ათამაშებს ფულად პრიზებს. ლატარიის საერთო საპრიზო ფონდი 2,8 მლნ ლარია.
ვაქცინირებული პირებისთვის ყოველდღიურად 100 და 500 ლარი, ხოლო ყოველკვირეულად – 1.000, 1.500, 5.000 და10.000 ლარის ოდენობის ჯილდო თამაშდება. შემაჯამებელი გათამაშების საპრიზო ფონდი კი, რომელიც წლის ბოლოს გაიმართება, 100.000 ლარია.
StopCovid ლატარიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ამ დროისთვის სრულად ან ერთჯერადად ვაქცინირებულ პირებს, ისე იმ მოქალაქეებს, რომლებიც მასობრივ ვაქცინაციაში ჩაერთვებიან.
მოგების გადამოწმება ვაქცინირებულ მოქალაქეებს stopcov.lotto.ge-ზე პირადი ნომრით შეუძლიათ. მონაცემები ყოველდღიურად განახლდება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.715.073 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 963.663 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 33,9%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 751.410 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 26,3%. 23 სექტემბერს აიცრა 12.778 ადამიანი.