COVID-19 - ბოლო ცნობები

ტიკარაძე: Pfizer-ის ვარგისიანობის ვადა გაიზარდა

საქართველოში ვაქცინაცია ამ დრომდე ნებაყოფლობითია. ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად შემცირებულია.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) Pfizer-ის ვაქცინებს ვარგისიანობის ვადა 3 თვით გაუგრძელა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, საქართველოში არც ერთი ვაქცინა არ გაფუჭებულა, უფრო მეტიც, ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა.
„ეს დაახლოებით 200 ათასი დოზაა, რომელთა ათვისების გარანტიაც ჩვენ გვაქვს. ამასთან, FDA-მ Pfizer-ს ვარგისიანობის ვადა ექვსიდან ცხრა თვემდე გაუგრძელა. აქედან გამომდინარე, ვაქცინების გაფუჭების რისკი არ არსებობდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
„Pfizer-ი ფუჭდება, ვადა გასდის, კატასტროფაა!“ – ცერცვაძე ვაქცინაციის ტემპის შემცირებაზე
ასე უპასუხა მინისტრმა ეპიდემიოლოგებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ თუ ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაბალი იქნება, შესაძლოა, Pfizer-ის გარკვეული დოზა შენახვის ვადის გასვლის გამო აუთვისებელი დარჩეს.
ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია Sinopharm, Sinovac, Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები. სრულად ვაქცინირებისთვის მოქალაქეები აღნიშნული პრეპარატებით ორჯერადად უნდა აიცრან. ქვეყანა ახლო მომავალში ასევე ელოდება Jonson&Jonson-ის ვაქცინას, რომლის ერთი დოზაც საკმარისია იმუნიზაციისთვის.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.715.073 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 963.663 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 33,9%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 751.410 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 26,3%. 23 სექტემბერს აიცრა 12.778 ადამიანი.