აზიის განვითარების ბანკი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში 15 მლნ დოლარით დაეხმარება

აზიის განვითარების ბანკის მიერ დამტკიცებული სესხი ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად უნდა დაიხარჯოს.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს მთავრობას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა, ნათქვამია ADB-ს განცხადებაში.

ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით 700.000 დოზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის, ასევე ნემსების, უსაფრთხოების ყუთებისა და ვაქცინაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენასა და ჩამოტანას უნდა მოხმარდეს.

საქართველოს მთავრობის მიზანია 2021 წლის ბოლომდე ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის, ანუ 1,7 მილიონი ადამიანის აცრა. ADB-ს დახმარება 300.000-ზე მეტი მოქალაქის, ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 8%-ის აცრას გახდის შესაძლებელს, აღნიშულია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სესხს აფინანსებს ADB-ს აზია–წყნარი ოკეანის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის 9 მილიარდი დოლარის პროგრამა, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დაარსდა და ბანკის წევრ განვითარებად ქვეყნებს ვაქცინასთან დაკავშირებულ სწრაფ და მიუკერძოებელ დახმარებას სთავაზობს.
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთვის 100 მლნ დოლარის კრედიტი დაამტკიცა
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში აცრილია 1.715.073 ადამიანი, მათგან ორი დოზით – 751.410 პირი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 26.3%-ია.
საქართველო ADB-ს წევრია 2007 წლიდან და მას შემდეგ ბანკი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალმხრივი პარტნიორია.