თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა შემოდგომის სუპერტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
33 წლის ტოჩინოშინი, რომელიც მიმდინარე ბაშოზე მე-12 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, დასავლეთის მე-16 მაეგაშირა ტოკუშორიუს გაეჯიბრა. ქართველმა სუმოისტმა 35 წლის იაპონელი იორიკირის ილეთით დაამარცხა. ტოჩინოშინმა შეჯახების შემდეგ უპირატესობა მალევე მოიპოვა და ვეტერანი იაპონელი დოჰიოდან გადაიყვანა.
აღსანიშნავია, რომ ლევან გორგაძისთვის ეს ზედიზედ მესამე გამარჯვებაა. შედეგად – ახლა ქართველი სუმოისტის ანგარიშზე ხუთი გამარჯვება და ექვსი მარცხია. დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ტოჩინოშინს დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან მინიმუმ სამი გამარჯვება სჭირდება.
გორგაძე მორიგ დაპირისპირებას აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა ჩიიონოკუნისთან გამართავს. სტატისტიკის გათვალისწინებით ჩიიონოკუნი ქართველი სუმოისტისთვის უხერხული მეტოქე ნამდვილად არ არის. ტოჩინოშინი მასთან ცხრა ურთიერთშეხვედრიდან რვა შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა.