COVID-19 - ბოლო ცნობები

ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპზე იძულებით აცრაზე არ ვსაუბრობთ

ჯანდაცვის მინისტრი 60 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებლით უკმაყოფილოა და ამბობს, რომ მოსახლეობის ამ ნაწილის აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მოსახლეობის იძულებით აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ ამ ეტაპზე არ განიხილება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

„ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან, ზრუნავენ საკუთარ თავსა და ნათესავებზე, და იმ საინფორმაციო არხებით, რომლებიც სამინისტროს აქვს მობილიზებული, ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ მოქალაქეები, აცრაზე გადაწყვეტილება თავიანთ სასიკეთოდ მიიღონ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, 60 წელს ზევით ასაკის მოსახლეობისთვის აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„აცრის იმ მაჩვენებლებით, რომელიც დღეს გვაქვს, კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნებით. მნიშვნელოვანია 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის აცრა იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური აქტივობა, არ გადაიტვირთოს ჰოსპიტალური სექტორი, რეანიმაციული საწოლები და არ გვქონდეს მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
რატომ ამბობს მოსახლეობა უარს ვაქცინაციაზე?
მინისტრმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ ამჟამად 60 წლის ზემოთ მოსახლეობაში ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მხოლოდ 21%, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
„ჩვენთვის კრიტიკული არის სწორედ ამ ასაკის მოსახლეობის აცრა, ვინაიდან სწორედ ამ ჯგუფში არის მაღალი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციაში მოთავსება და ლეტალობა“, – თქვა მინისტრმა.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.
22 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 1.686.412 აცრა, ორი დოზით აცრილია 729.995 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 25,6%-ია.
წაიკითხეთ ასევე:
გახდება თუ არა აცრა სავალდებულო – ამირან გამყრელიძის განმარტება
ვაქცინაციის ტემპი საგანგაშოა: მედიკოსები მოქალაქეებს მიმართავენ
ვის შეეხება ე.წ. ბუსტერ–დოზა: თამარ გაბუნიას განმარტება