პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს

კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეული სტუდენტებისთვის მხატვრული წერისა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით ლექციების სერიაც გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გამომცემლობა „პალიტრა L“ აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის.

„ამ პროექტით ახალგაზრდა თაობას არა მხოლოდ წერის სურვილს გავუღვივებთ, არამედ საგამომცემლო პროფესიებითაც დავაინტერესებთ“, – აცხადებს პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი ნინია მაჭარაშვილი.

კონკურსში მონაწილეობისთვის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებმა მისამართზე info@tbilisiwbc.ge უნდა გაგზავნონ სასწავლებლის მიერ გაცემული სტუდენტის მოქმედი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და მხატვრული მოთხრობა, არანაკლებ ორი და არაუმეტეს ხუთი გვერდისა (12-იანი შრიფტით). განაცხადების მიღება 6 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც სპეციალურად შერჩეული ჟიური ნაწარმოებების შეფასებას შეუდგება.
საქართველოში შეიქმნა „ვეფხისტყაოსნის" ყველაზე ორიგინალური გამოცემა – ვიდეო
გამარჯვებული 15 სტუდენტი 22 ოქტომბერს ხუთ ტუტორთან ერთად საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში გაემგზავრება, სადაც ხუთი დღის განმავლობაში მხატვრული წერის, რედაქტირების შესახებ, დაკაბადონებასა და წიგნის გამოცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე ლექციები ჩაუტარდებათ.
კურსის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილე სტუდენტებმა ორი კვირის განმავლობაში ახალი მოთხრობა უნდა დაწერონ. ყველა მოთხრობას ერთ კრებულად გამომცემლობა „პალიტრა L“ გამოსცემს, ხოლო 19 ნოემბერს სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორს გადაეცემა ფულადი ჯილდო (პირველადგილოსანს – 1000, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულებს – 800 და 500 ლარი). ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და „საქართველოს ბანკი“ საკუთარ რჩეულებს დაასახელებენ.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“.
ნიკო კვარაცხელიას სახელი ბიბლიოთეკა-გემს მიენიჭება
იუნესკოს გადაწყვეტილებით, თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს კუალა–ლუმპურისგან გადმოიბარა. პროექტის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში დაგეგმილია 100-ზე მეტი საგანმანათლებლო, შემეცნებითი, ინფრასტრუქტურული და საბავშვო პროექტის განხორციელება.
UNESCO World Book Capital („წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“) – ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას, წიგნის ინდუსტრიის და მომიჯნავე დარგების სტიმულირებას, ასევე თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების და გამომცემლების მხარდაჭერას.