რას ვჭამთ: ბათუმში დაახლოებით 2,5 ტონა გაფუჭებული ხორცი გამოავლინეს

მატლიანი, ვადაგასული და გაურკვეველი წარმომავლობის გაყინული ხორცი ქუთაისის ქუჩაზე მდებარე ხორცის მაღაზიის საწყობში ინახებოდა და ამავე ობიექტზე ხდებოდა მისი რეალიზაციაც.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ბათუმში ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაახლოებით 2,5 ტონა გაფუჭებული ხორცი გამოავლინა.
ვადაგასული და გაურკვეველი წარმომავლობის გაყინული ხორცი ქუთაისის ქუჩის 34 ნომერში მდებარე ხორცის მაღაზიის საწყობის საყინულეებში ინახებოდა.

„ობიექტი, როგორც ჩანს, ვაჭრობდა გაფუჭებული საქონლის ხორცით, ვადაგასული და გაურკვეველი წარმოშობის ხორცით. პროდუქცია დაილუქება, ხოლო ობიექტს შეუჩერდება საწარმოო პროცესი და ბიზნეს-ოპერატორი დაჯარიმდება“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ობიექტზე იმყოფებოდა „საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის“ თავმჯდომარე და გადაცემა „სახალხო კონტროლის“ წამყვანი მადონა კოიძეც.
ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ხორცი არის გაფუჭებული და მატლიანი. კოიძის ვარაუდით, გაფუჭებულ ხორცს ურევდნენ ახალს, რითიც შემდეგ სხვადასხვა კერძს ამზადებდნენ და ასე ახდენდნენ რეალიზაციას იქვე არსებულ ხორცის მაღაზიაში.
რას ვჭამთ: თბილისში ვადაგასული და დაბინძურებული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ამოღებული ხორცის განადგურება დადგენილი წესის შესაბამისად მოხდება ნაგავსაყრელზე.