თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების მსხვილი საინვესტიციო კორპორაციების წარმომადგენლები ოქტომბერში საქართველოს ბიზნეს-გარემოს გაეცნობიან, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
საქართველოს დელეგაცია ეკონომიკის მინისტრის ხელმძღვანელობით იმყოფება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს. საქართველოს დელეგაცია ინვესტიციების პერსპექტივებს განიხილავდა ისეთ მსხვილ კორპორაციებთან შეხვედრებზე, როგორიცაა აბუ-დაბის განვითარების ფონდი, Mubadala, Lulu Group International, Dubai Holding, Dubai Investment, Dubai Investment Corporation, Armada Group и ADIA (აბუ-დაბის ინვესტიციების მმართველობა).
„შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ძირითადად უძრავი ქონების, სასტუმროების, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის... სასიხარულოა, რომ უკვე ძალიან კონკრეტული მიღწევები გვაქვს და დაიგეგმა კონსულტანტებისა და კომპანიების დელეგაციების ვიზიტები, რომელთაც ოქტომბერში ვუმასპინძლებთ საქართველოში. ჩვენ მათ ადგილზე გავაცნობთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და შევთავაზებთ კონკრეტულ ლოკაციებს და პროექტებს“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წლის დასაწყისიდან ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვამ დაახლოებით 87,5 მილიონი დოლარი შეადგინა.