საქართველოში ENEMO-ს სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდა

ENEMO-ს სადამკვირვებლო მისია მოამზადებს ანგარიშს ზოგად პოლიტიკურ და საარჩევნო გარემოზე საქართველოში
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. „არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების ევროპული ქსელი" (ENEMO) საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს მონიტორინგს გაუწევს. ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სადამკვირვებლო მისია იქნება წარმოდგენილი ექვსი სპეციალისტით, რომლებიც თბილისში იმუშავებენ. დამატებით 20 მოკლევადიან დამკვირვებელს კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე მიავლენენ. ეს დამკვირვებლები საქართველოს მასშტაბით დააკვირდებიან უბნების გახსნას, კენჭისყრის და ხმების დათვლის პროცესს.
არასამთავრობოებმა „ოცნება“ დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულეს
სადამკვირვებლო მისია მიმდინარე პროცესების შესახებ უფრო სრული ინფორმაციის მისაღებად ასევე გამართავს შეხვედრებს შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, უწყებების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, კანდიდატებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით ENEMO-ს სადამკვირვებლო მისია მოამზადებს ანგარიშს ზოგად პოლიტიკურ და საარჩევნო გარემოზე საქართველოში. ეს დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებს საარჩვენო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
ENEMO ასევე გეგმავს განცხადების გავრცელებას წინასწარი დასკვნების შესახებ არჩევნების დღესთან დაკავშირებით.
არჩევნები-2021: ცესკომ 100-ზე მეტი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა
ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს ENEMO-ს რიგით 36-ე სადამკვირვებლო მისიაა, მათ შორის რიგით მეორეა საქართველოში. მისიის ძირითადმა გუნდმა ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემოს შესწავლა დაიწყო სექტემბრის დასაწყისში, ხოლო საქართველოში 17 სექტემბერს ჩამოვიდა.
ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის 71 ადგილობრივი და 33 საერთაშორისო ორგანიზაცია დაარეგისტრირა, რომლებიც დააკვირდებიან როგორც უშუალოდ კენჭისყრის, ისე წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.