ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს Neftlix-ის წინააღმდეგ ჯონი დეპის ადვოკატი დაიცავს

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე Netflix-სგან ხუთ მილიონ დოლარს მოითხოვს.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის ინტერესს Netflix-ის წინააღმდეგ ჯონი დეპის ადვოკატი დაიცავს. ამაზე კომპანია BLB-ს მმართველმა დირექტორმა კახა შარაბიძემ „დილის პალიტრის“ ეთერში ისაუბრა.
„არ ვაპირებთ ბოდიშის მოხდას“ – Netflix-ის პასუხი ნონა გაფრინდაშვილს
იურიდიული ფირმა BLB ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავს მას შემდეგ, რაც გიგანტურმა ამერიკულმა არხმა Netflix-მა მათ თხოვნაზე, შეესწორებინათ სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაცია, ცინიკური პასუხი მოიწერა, რომ არც ბოდიშის მოხდას აპირებენ და არც არაფრის შესწორებას.

„შევარჩიეთ პარტნიორი იურისტები, რომლებიც არიან ძალიან დიდი სახეები ამ სფეროში – ერთი არის ბატონი როდ სმოლა, რომლის წიგნით ხელმძღვანელობენ ამ სფეროში და მეორე გახლავთ ალექს რუფუს აისაკი, რომელიც ამჟამად ჩართულია ჯონი დეპისა და The Sun-ის ცნობილ დავაში და წარმოადგენს არაერთ სელებრითს“, – განაცხადა კახა შარაბიძემ.

იურისტის თქმით, Netflix-ს ყოველწლიურად უდიდესი შემოსავალი აქვს, მხოლოდ შარშან მისი შემოსავალი 30 მილიარდი დოლარი იყო, ამიტომ ელოდებიან, რომ მათი იურისტებიც ძალიან ცნობილი ადამიანები იქნებიან, თუმცა დანებებას არ აპირებენ და იბრძოლებენ ბოლომდე.
ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი 16 სექტემბერს შეიტანა.
ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს უჩივის მოჭადრაკე ქალზე გადაღებული მინი-სერიალის „ლაზიერის გამბიტის“ (The Queen’s Gambit – „დედოფლის სვლა“) ფინალური ეპიზოდის იმ ნაწილის გამო, რომელშიც მის მიღწევებს პერსონაჟ ბეტ ჰარმონის წარმატებას ადარებენ. კერძოდ, ეპიზოდში, როდესაც ბეტ ჰარმონი მოსკოვში თამაშობს, მატჩის კომენტატორი ამბობს: „ერთადერთი უჩვეულო რამ მის (ჰარმონის) შესახებ მისი სქესია და ესეც არ არის გასაკვირი რუსეთში. აქ ნონა გაფრინდაშვილია, მაგრამ ის ქალი მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია კაცთან“.