თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ონლაინ-ტრენინგში „არჩევნები და უსაფრთხოება“, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.
სწავლების მონაწილეები, წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რისკების იდენტიფიცირების, პრევენციული ღონისძიებებისა და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციებს გაეცნენ.
უწყების მონაცემებით, ონლაინ-კურსი 2 დღე გრძელდებოდა და მასში სამინისტროს 879 თანამშრომელი მონაწილეობდა.
ტრენინგს „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ წარმომადგენლები უძღვებოდნენ. სპეციალურად მომზადებული თანამშრომლები საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას რეგიონებშიც დაიცავენ.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები შაბათს, 2 ოქტომბერს გაიმართება.