თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. თბილისში, ლერმონტოვის 9 ნომერში შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა ღამით ოპოზიციური პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილი ბარი დალუქეს, იუწყება „პირველი არხი“.
მათი თქმით, ბარი მთავრობის განკარგულების დარღვევის გამო მანამდე დააჯარიმეს. საუბარია კოვიდ-შეზღუდვაზე, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტების მუშაობა 22:00 საათამდეა დასაშვები. წუხელ ღამით განმეორებით დარღვევის გამო კი ბარი დაილუქა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ბარში გახსნილია საარჩევნო შტაბი, რომელიც განსხვავებულ ფორმატში იმუშავებს.
„შტაბი გავხსენით ლერმონტოვის 9 ნომერში, რომელიც იმუშავებს ალბათ არჩევნების ჩათვლით. ყოველდღე ვიქნებით, მეც და ლიდერებიც. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოსვლა და გასაუბრება, პრეტენზიების წაყენება, კითხვების დასმა. განსხვავებული იქნება სხვა შტაბებისგან, იქნება მუსიკა, ალკოჰოლი. გამორჩეული კომუნიკაციის გზა გვაქვს არჩეული ამომრჩეველთან“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 50 პარტია, მათ შორის „გირჩი მეტი თავისუფლება“.
საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღას ებრძვის. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში რამდენიმე რეგულაცია მოქმედებს. კვების ობიექტების მუშაობა დასაშვებია 22:00 საათამდე. ღია და დახურულ სივრცეებში სავალდებულოა პირბადეების გამოყენება.